Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Tekst
0
Recenzje
Przeczytaj fragment
Oznacz jako przeczytane
Czcionka:Mniejsze АаWiększe Aa

Ⴀმბავი Ⴀვთანდილისა, Ⴀსმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

Ⴙამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,

Ⴆედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული.

Ⴋუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,

Ⴄგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

Ⴅერ იცნა, – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, —

Ⴔიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;

Ⴗმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;

Ⴞმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

Ⴋას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,

Ⴅითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,

Ⴒარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,

Ⴀვთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

Ⴄტყოდა: «Ⴑულე! Ⴐამც გიყავ? Ⴉაცი ვარ, ადამიანი,

Ⴓფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,

Ⴋისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?

Ⴑხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი».

Ⴕალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:

«Ⴇუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!

Ⴀწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;

Ⴚუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა».

Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?

Ⴋაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.

Ⴘენ ერთხელ მეტყვი, «Ⴋითხარო», მე ასჯერ გეტყვი «Ⴅერასა»,

Ⴅითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა».

«Ⴕალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან;

Ⴍდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;

Ⴘენ მიპოვნიხარ, – სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, —

Ⴅერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!»

Ⴕალმან უთხრა: «Ⴐას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?

Ⴋზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!

Ⴂრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:

Ⴅერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!»

Ⴉვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,

Ⴋაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,

Ⴎირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,

Ⴀდგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

Ⴄგრე უთხრა: «Ⴋე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!

Ⴐაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!

Ⴂიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,

Ⴇვარა, Ⴖმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!»

Ⴕალმან უთხრა: «Ⴄგე ღონე მოიგონე მატად ავი:

Ⴇუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.

Ⴐად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?

Ⴉვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი».

Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?

Ⴄგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!

Ⴋე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,

Ⴅითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

«Ⴙემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია,

Ⴋით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;

Ⴙალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.

Ⴅერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?»

Ⴗმამან თქვა, თუ: «Ⴀრ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,

Ⴑხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა».

Ⴂაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა,

Ⴕალსა უთხრა: «Ⴂაგარისხე, აწ, არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!»

Ⴕალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;

Ⴀვთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;

Ⴅარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.

Ⴉვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია

Ⴗმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა,

Ⴋაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;

Ⴗმამან ცნა, თუ: «Ⴂონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა».

Ⴚრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

Ⴓთხრა: «Ⴅიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,

Ⴂაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;

Ⴀწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,

Ⴀმად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

«Ⴇავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,

Ⴋიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;

Ⴑხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;

Ⴑულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!»

Ⴐა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,

Ⴂულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,

Ⴉვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.

Ⴀვთანდილს Ⴖმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

Ⴈტყვის, თუ: «Ⴀმა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,

Ⴅისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების».

Ⴉვლა უთხრა: «Ⴃაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;

Ⴄსეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

«Ⴅარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;

Ⴙემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;

Ⴖრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად!

Ⴂული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად

«Ⴋისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,

Ⴋისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე

Ⴍრისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,

Ⴀნ მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე».

Ⴕალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:

«Ⴄგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.

Ⴜეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,

Ⴀწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

«Ⴋაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,

Ⴀრ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,

Ⴀრ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;

Ⴘენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

«Ⴀწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,

Ⴐასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;

Ⴇუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,

Ⴋოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები»

Ⴗმამან უთხრა: «Ⴄგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:

Ⴍრნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,

Ⴓკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,

Ⴆედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

«Ⴄგრე უთხრა: «Ⴀმხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,

Ⴜავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»;

Ⴋას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,

Ⴘემოჰყივლა: «Ⴀრ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»

«Ⴀწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,

Ⴑხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;

Ⴐასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,

Ⴇვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!»

Ⴕალმან უთხრა: «Ⴋომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.

Ⴞარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;

Ⴞარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,

Ⴐაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

«Ⴈმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;

Ⴇვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების;

Ⴋოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,

Ⴃადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

«Ⴂითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:

Ⴒარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;

Ⴋე Ⴀსმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,

Ⴑულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

«Ⴀმის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:

Ⴈსი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,

Ⴅჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,

Ⴀწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.


«Ⴀმას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;

Ⴐა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;

Ⴄრთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,

Ⴇვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო»


Ⴕალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.

Ⴀმას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;

Ⴋთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,

Ⴓკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.


Ⴕალმან უთხრა: «Ⴗმაო, მოგცა, ჟამად Ⴖმერთმან, რაცა გინა,

Ⴋაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;

Ⴈმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა;

Ⴌუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა».


Ⴀვთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.

Ⴈგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;

Ⴀტირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,

Ⴀვთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.


Ⴀმარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.

Ⴃიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;

Ⴘეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;

Ⴃადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.


Ⴀვთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.

Ⴋან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;

Ⴋას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,

Ⴑისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.


Ⴋან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,

Ⴄგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;

Ⴋიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,

Ⴛალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა


Ⴚოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;

Ⴘეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი,

Ⴈზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.

Ⴚალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.


«Ⴐად დაჰბრუნდი? – მოახსენა, – მითხარ, რაცა წაგეკიდა!»

Ⴋან უბრძანა: «Ⴋონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,

Ⴠყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,

Ⴈგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და.


«Ⴑევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,

Ⴀრ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,

Ⴋათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე,

Ⴅთქვი: «Ⴌუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე»».


Ⴕალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად;

Ⴋოახსენა: «Ⴋხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,

Ⴀრას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;

Ⴋას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?


«Ⴗოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,

Ⴄრთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?

Ⴂეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;

Ⴘენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?»


Ⴓბრძანა: «Ⴃაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,

Ⴋაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!

Ⴅის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?

Ⴙემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა

 

«Ⴖმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,

Ⴑიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!

Ⴅინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?

Ⴘენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა».


Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴀრ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;

Ⴐათგან Ⴖმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,

Ⴅერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.

Ⴀრა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია».


Ⴗმამან უთხრა: «Ⴐას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.

Ⴉაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!

Ⴖმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!

Ⴂანაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე».


Ⴕალმან კვლა ჰკადრა: «Ⴂაგსაჯე მეტითა შეგონებითა,

Ⴋაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,

Ⴈგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,

Ⴔიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა».


Ⴗმამან უთხრა: «Ⴇუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,

Ⴑიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,

Ⴀრას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ;

Ⴐაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ»

Ⴘეყრა Ⴒარიელისა და Ⴀვთანდილისა

Ⴕალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;

«Ⴀრ ეწყინაო», უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,

Ⴞელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;

Ⴈგი რა ნახა Ⴒარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.


Ⴂამოეგება Ⴒარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,

Ⴀნუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,

Ⴐომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად,

Ⴠგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!


Ⴋათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,

Ⴅარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,

Ⴗელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,

Ⴕარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს


Ⴋობრუნდეს. Ⴗმამან Ⴀვთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,

Ⴄრთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.

Ⴀსმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:

«Ⴇავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა»


Ⴒარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;

Ⴗმასა უთხრა: «Ⴋესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,

Ⴅინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?

Ⴋე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული».


Ⴀვთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:

«Ⴊომო და გმირო Ⴒარიელ, ვის თავი გინაზებია,

Ⴋე ვარ არაბი, Ⴀრაბეთს არს ჩემი დარბაზებია,

Ⴋიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.


«Ⴋე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;

Ⴇვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.

Ⴇუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია,

Ⴂახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?


«Ⴘენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,

Ⴎატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,

Ⴂიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,

Ⴘენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.


«Ⴗველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.

Ⴋეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,

Ⴅითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,

Ⴀმან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.


«Ⴝმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.

Ⴋოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,

Ⴅერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;

Ⴀწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია



«Ⴋიბრძანა: «Ⴋიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,

Ⴋაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა».

Ⴑამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.

Ⴀრ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!


«Ⴀქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;

Ⴕურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;

Ⴋათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;

Ⴋათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა».


Ⴒარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,

Ⴈტყვის: «Ⴋახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი;

Ⴄრთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;

Ⴋით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.


«Ⴐას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?

Ⴇქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.

Ⴐა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,

Ⴀწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.


«Ⴋოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე,

Ⴞელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,

Ⴇვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე.

Ⴙემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!


«Ⴉაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,

Ⴋას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;

Ⴋათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,

Ⴀვად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.»


«Ⴀწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!

Ⴒანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,

Ⴂარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:

Ⴛნელია პოვნა კაცისა Ⴖმრთივ ზეცით განაწირისა!»


Ⴀვთანდილ უთხრა: «Ⴅით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?

Ⴋაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!

Ⴑახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,

Ⴐათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.


«Ⴀმა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;

Ⴃამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;

Ⴈაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,

Ⴘენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!»


Ⴒარიელ უთხრა: «Ⴋე შენი გული აწ მემხურვალების;

Ⴋიკვირს, თუ: ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!

Ⴋაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,

Ⴘენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!


«Ⴜამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;

Ⴖმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.

Ⴋაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!

Ⴋე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად».


Ⴀსმათ უთხრა: «Ⴚრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!

Ⴋე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!

Ⴅხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,

Ⴚნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების


«Ⴋეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;

Ⴌუთუ ყოს Ⴖმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!

Ⴇუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.

Ⴀრს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა».


Ⴀმას დაყმუნდა Ⴒარიელ დამწვარი, დაალებული;

Ⴀსმათს უბრძანა: «Ⴋას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;

Ⴐად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!

Ⴉვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.


«Ⴉაცმან ვით პოვოს, Ⴖმრთისაგან რაც არა დანაბადია!

Ⴋით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია,

Ⴉვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;

Ⴀწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.


«Ⴋაგრა Ⴖმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა

Ⴍრი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:

Ⴎირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,

Ⴉვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა».


Ⴗმასა უთხრა: «Ⴅინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

Ⴞამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;

Ⴖმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!

Ⴘენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს».


Ⴀსმათს უთხრა: «Ⴋოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,

Ⴃაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;

Ⴋკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,

Ⴋე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე»


Ⴖილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;

Ⴅითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;

Ⴅერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა,

Ⴋერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.


Ⴋოთქვამს: «Ⴠაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,

Ⴈმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,

Ⴅინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, Ⴄდემს დანერგულო!

Ⴚეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!»

Ⴒარიელისაგან თავის ამბის მბობა Ⴀვთანდილთანა

«Ⴈსმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;

Ⴑაუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!

Ⴈგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,

Ⴅისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.


«Ⴈნდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:

Ⴄქვსი სამეფო Ⴔარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,

Ⴓხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,

Ⴒანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.


«Ⴋამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,

Ⴑარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;

Ⴅერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;

Ⴌადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი


«Ⴞალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

Ⴇქვა: «Ⴜამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

Ⴗოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები»;

Ⴁრძანა: «Ⴜავალ და მეფესა Ⴔარსადანს შევეწყნარები»


«Ⴞალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

Ⴇქვა: «Ⴜამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

Ⴗოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები»;

Ⴁრძანა: «Ⴜავალ და მეფესა Ⴔარსადანს შევეწყნარები».


«Ⴔარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,

Ⴘესთვალა: «Ⴘენ გაქვს მეფობა Ⴈნდოეთისა სრულისა;

Ⴀწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,

Ⴑახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».


«Ⴔარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.

Ⴘესთვალა: «Ⴖმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,

Ⴐათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ Ⴈნდოეთს მჯდომელმან.

Ⴀწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან».


«Ⴄრთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა.

Ⴇვით ამირბარსა Ⴈნდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.

Ⴋეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;

Ⴑხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.


«Ⴇვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.

Ⴇქვა: «Ⴙემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!»

Ⴊაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.

Ⴋას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.


«Ⴛე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,

Ⴝმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.

Ⴅა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!

Ⴋეფემ ბრძანა: «Ⴘვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა»



«Ⴋეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,

Ⴑაპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,

Ⴁრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;

Ⴋოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.


«Ⴀსმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა.

Ⴞუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;

Ⴝირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა;

Ⴀრა ჰგაოდის Ⴔარსადანს მისი არა-სმა შვილისა.


«Ⴀსმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,

Ⴋზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;

Ⴈტყოდეს ჩემნი მნახავნი: «Ⴋსგავსია Ⴄდემს ზრდილისა».

Ⴀწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.


«Ⴋე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი».

Ⴄსე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: «Ⴘობა ქალი».

Ⴃაბნედასა მიეწურა, Ⴀსმათ ასხა გულსა წყალი;

Ⴇქვა: «Ⴋაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!


«Ⴜიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,

Ⴋოციქული – მოციქულსა, Ⴈნდოეთი სრულად სცნობდა;

Ⴋზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;

Ⴗოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.


«Ⴕება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.

Ⴔარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;

Ⴗოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.

Ⴑაჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა


«Ⴑაშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.

Ⴋართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.

Ⴅუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.

Ⴀწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!»


Ⴗმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;

Ⴀვთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;

Ⴕალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.

Ⴇქვა: «Ⴈსმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.


«Ⴋას ქალსა Ⴌესტან-Ⴃარეჯან იყო სახელად ხმობილი.

Ⴘვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,

Ⴋთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;

Ⴋისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!


«Ⴈგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;

Ⴋეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,

Ⴋამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;

Ⴅბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.


«Ⴋეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;

Ⴕვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,

Ⴉარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;

Ⴈგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

 

«Ⴃღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;

Ⴆოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.

Ⴃავარ იყო და მეფისა, ქვრივი, Ⴕაჯეთს გათხოვილი,

Ⴋას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი


«Ⴑრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;

Ⴅერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;

Ⴀსმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;

Ⴋუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.


«Ⴇხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;

Ⴃღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;

Ⴛალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი Ⴄდემს ზრდილსა,

Ⴑროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.


«Ⴋოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;

Ⴋერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;

Ⴘევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;

Ⴀწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!


«Ⴋამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;

Ⴕმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;

Ⴋათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;

Ⴄრთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა – ხსენება იშისა.


«Ⴋე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,

Ⴃღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;

Ⴂაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,

Ⴄბრძანა: «Ⴘვილო Ⴒარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.


«Ⴙვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».

Ⴀსი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,

Ⴁოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:

«Ⴘენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა»


«Ⴀვენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;

Ⴓკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა;

Ⴂამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს Ⴈნდოეთს მფლობელთა,

Ⴘორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.


«Ⴋათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,

Ⴋის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;

Ⴓრჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.

Ⴀრ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.


«Ⴀღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;

Ⴂიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!

Ⴚრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,

Ⴋისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია»

To koniec darmowego fragmentu. Czy chcesz czytać dalej?